ივ ტოშაინის გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში - 2021 წლის 15 ივლისს 18:00 საათზე გაიხსნება

ვენაში მცხოვრები ხელოვანი ივ ტოშაინი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (თბილისი, საქართველო) თავის პირველ პერსონალურ გამოფენას კურატორის სტეფან სტოიანოვის მოწვევით 2021 წლის 15 ივლისიდან 10 სექტემბრამდე გამართავს.

გამოფენა სახელწოდებით Nullity is the Only Revolt დამთვალიერებელს ხელოვანის მიერ სპეციალურად მუზეუმის სივრცის გათვალისწინებით შექმნილ ახალ 4 x 6 x 15 მეტრიან ინსტალაციას წარუდგენს, რომელიც ავსტრიაში, ბულგარეთსა და ევროკავშირში პანდემიის პერიოდში განცდილ მის პირად ისტორიას ეფუძნება. სკულპტურა დღევანდელ დღეს აქტუალურ თავისუფლების, პანდემიის, დემოკრატიის, სიკვდილის, სიცოცხლის, ჩაგვრისა და თანასწორობის თემებს მიმოიხილავს.

მუზეუმის სივრცის გათვალისწინებით შექმნილი გამოფენის მთავარი ნამუშევარი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამი კილომეტრი სიგრძის ალუმინის ჯაჭვისგან შედგება, რომელსაც ბოლოში გილიოტინა აბოლოებს და უმალ კედლის, ფარდის (რკინის ფარდა), ტალღის, ხალიჩისა და დროშების ასოციაციას იწვევს.

დროშები სიმბოლურად გვიბიძგებენ სახელმწიფო იდეოლოგიის, დოქტრინების, კონცეფციების, იდეალების, ღირებულებებისა და პოლიტიკური სისტემის შემადგენელ ნაწილებზე დაფიქრებისკენ. ჩვეულებრივ ქსოვილისგან დამზადებული ამაყად და მედგრად ჩამოკიდებული, ამჯერად კი ჯაჭვისგან შექმნილი დროშა საგამოფენო დარბაზის იატაკს აღწევს და მყისიერად იქცევა 6 x 15 მეტრის ფართობის მქონე იმგვარი ხალიჩის ალეგორიად, რომელიც ალუმინის ბორკილებისგანაა შექმნილი და დაბოლოებებში უფერულდება. ამგვარად, იატაკზე მოფენილი ჯაჭვისგან შექმნილი ხალიჩა შეზღუდვებისა და გათავისუფლების სიმბოლურ ინსტრუმენტად იქცევა. ინსტალაცია არა მარტო კრიტიკულად აანალიზებს სახელმწიფო აპარატის სქელი ფარდების უკან მიმალულ დემოკრატიული უფლებების დარღვევას, არამედ ასევე წარსულისა და აწმყოს ტიპური ქალური აქტივობის შესახებ გამოთქმულ ფემინისტურ აზრებსაც ეხმაურება.

ივ ტოშაინმა 2020 წლის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი მშობლიურ ბულგარეთში გაატარა. ის წერდა:

“პანდემიის დროს შემოღებული შეზღუდვები ჩემს ყოფილ სამშობლოში, ბულგარეთში გავატარე... ახლა ვაპირებ, ბულგარეთის, ავსტრიისა და ევროკავშირის დროშები (ყველა ჩემი ისტორიის ნაწილს წარმოადგენს) ჯაჭვის სახით გამოვფინო. ყოველი მათგანი უჟანგავი ფოლადისგან გაკეთებული ძალიან პრიალა, ბასრი გილიოტინით ბოლოვდება. ნამუშევარი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაწესებული შეზღუდვებისა და Covid-19-ის პანდემიის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე გავლენით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებით ლიბერალურ სუბიექტთან - ინდივიდთან მიმართებით ღრმა კითხვებს ბადებს.”

გამოფენაზე წარმოდგენილ სხვა ნამუშევრებს შორისაა მეტალის მეორე უზარმაზარი სკულპტურაც, რომლის ფორმაც კორონა ვირუსს ჰგავს. ის ძალაუფლების გადანაწილების, დემოკრატიისა და პანდემიის საკითხებს ეხება და იმ გზამკვლევ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც სიმბოლურად დედამიწასა და 21 ეკლით დახვრეტილ კონტინენტებს განასახიერებს. ფრაზა Nomos Basileus (კანონი მართავს) ნეონის ასოებითაა გამოსახული და ამ ნამუშევარში ხელოვანი დამთვალიერებელს პინდარეს (518-446 ჩვ. წ. აღ.-მდე) მიერ აღწერილ ჰერაკლეს საგმირო საქმეებზე მიუთითებს. სიტყვები nomos, რომელიც ბერძნულად „კანონს“ და basileus, რომელიც „მეფეს“ აღნიშნავენ კანონსა და ძალადობაზე, ომის ისტორიულ და აწმყო მუდმივ სიდიდეზე მიუთითებენ. ეს სიტყვები დასავლური პოლიტიკური აზროვნების ცენტრალურ ფორმულას - დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონი უზენაესია - შეადგენენ. მაგრამ დამთვალიერებლისთვის გზამკვლევი ვარსკვლავის შემოვლა სიტყვებს Nomos Basileus ფრაზად Basileus Nomos ცვლის და მის აზრს „თავად მეფეა კანონი“ შინაარსს ანიჭებს.

ეს კონკრეტული ნამუშევარი 2015 წელს უკვე იყო ნაჩვენები ვენაში, ბელვედერის მუზეუმში. ის 2017 წელს ლინცში, ლენტოსის მუზეუმშიც გამოიფინა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სკულპტურას დამთვალიერებელი საზღვარგარეთ იხილავს.

ზემოთ მოხსენიებულ ნამუშევრებთან ერთად, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ორი ვიდეო და ახალთახალი ნეონის ნამუშევარი. ორარხიანი ინსტალაცია სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ სამხედრო აღლუმებს ასახავს. მიუხედავად მათი გეოგრაფიისა და მასში მონაწილეთა ეროვნებისა ორივე ვიდეო ლამაზი სამოსის მიღმა შეფუთულ ომის ვნებიან და ჰიპნოტურ პროპაგანდას ეხება, რომელიც ახალგაზრდების რიტმული, აბსტრაქტული, მექანიკური მოძრაობების საშუალებითაა გადმოცემული. ჰიპერრეალიზმი მათ პოპ კულტურასთან უფრო აახლოებს, ვიდრე იმ ნამდვილ მნიშვნელობასთან, რომლის გაცოცხლებასაც მათგან ელიან.

ივ ტოშაინმა გამოფენას სახელწოდება თავისი უახლესი სლოგანის Nullity is the Only Revolt მიხედვით შეურჩია, რადგან წერას მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

მისი ნეონის ნიშნები ჰაიკუს მსგავს განაცხადებს გადმოგვცემენ და ხელოვანისეული სამყაროს აბსტრაქტულ იდეას გამოხატავენ. გზამკვლევი ვარსკვლავის მსგავსად ნეონის მეორე დიდი სლოგანი ისე ციმციმებს, თითქოს თავის თავში დარწმუნებული არაა და გაქრობისგან თავის დაღწევას, გადარჩენას ცდილობს. ის ამბობს: “I’m taking out my own freedom for the art to live it like its own” (ვთმობ ჩემს თავისუფლებას იმისთვის, რომ ხელოვნებამ მისით, როგორც საკუთარით ისე იცხოვროს).

ივ ტოშაინის ნამუშევრები სხვადასხვა მედიაშია შესრულებული. მათ შორისაა: პერფორმანსი, ფილმი, ინსტალაცია, სკულპტურა, ფერწერა და ნახატი. ის ძალაუფლებას, გენდერს, სივრცეს, კონტროლს, დაკვირვებას, ენასა და არქიტექტურას შორის ურთიერთობას იკვლევს, ცისკრის ვარსკვლავები, სხვადასხვა შაბლონები, ჯარისკაცები, იარაღი და ტექსტი კი მისი შთაგონებისა და ნამუშევრების თემებს წარმოადგენენ. გამოფენა უცხოეთში, ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციაში გამართული ივ ტოშაინის კომპლექსური და ძალიან მდიდარი შემოქმედების პირველი ყოვლისმომცველი ჩვენებაა.

სტეფან სტოიანოვი, კურატორი