ქალაქები 1987-2020

ქვეყანაში კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გათვალისწინებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და გამოფენას ოფიციალური გახსნის გარეშე წარმოგიდგენთ. დამთვალიერებელს ახალი ექსპოზიციის ნახვა ყოველდღე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლებათ.

ზურაბ წერთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ სამშენებლო კომპანია „NCC"-ს მხარდაჭერით მამუკა ცეცხლაძის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით „ქალაქები 1987-2020".

გამოფენა აერთიანებს მხატვრის მიერ 1987 წლიდან დღემდე შექმნილ ნამუშევრებს ქალაქების თემაზე.

ბომბეი, ვენეცეია, ბაქო, თბილისი, პარიზი, მოსკოვი, რომი, სტამბული, სამარყანდი, ჰავანა, ვიქტორია -ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომლებზე მიძღვნილ ფერწერულ ტილოს, ან ნამუშევრების სერიასაც ნახავთ ექსპოზიციაზე.


კომპოზიციები დაფუძნებულია ხელოვანის მეხსიერებაზე, ობიექტურად არსებულ რეალობასა და წარმოსახვაზე, ზოგჯერ იმ ქალაქების შესახებაც კი, რომელიც მამუკა ცეცხლაძემ მხოლოდ დახატვის შემდეგ მოინახულა.


ქალაქები არ არის წარმოდგენილი შორი, ზოგადი ხედებით. ცეცხლაძე, ერთი მხრივ, კონკრეტულ ადგილებს გამოსახავს, მაგალითად, სან მარკოს ტაძარს ვენეციაში, თუ რუსთაველის პროსპექტის ნაწილს- თბილისში, მეორე მხრივ კი, ნამუშევრებში პირობითობის დონე იმგვარად არის "აწეული", რომ ის ქალაქს კი არ აღგვიწერს, არამედ, ამ ქალაქში განცდისმიერად გვამოგზაურებს.


1987 წელს შექმნილ ბომბეიში არქიტექტურა გამოსახულია როგორც სინათლე, რაკურსი კი ისეა შერჩეული, დამთვალიერებელიც ამ კულმინაციური, სადღესასწაულო განწყობის მატარებლად, თუ თანამონაწილედ იქცევა.

თითოეულ ქალაქს მისთვის დამახასიათებელი ფერი, გამომსახველობის მანერა გამოარჩევს. განსხვავებულია მხატვრის დამოკიდებულება დროითი პერიოდების მიხედვითაც. 2004 წელს შექმნილი რუსთაველის პროსპექტი ექსპრესიულობით გამოირჩევა. ამავე ხედს ცეცხლაძე 2015 წელს შექმნილ თბილისის სერიაშიც უბრუნდება, სადაც დომინანტი ბეტონის ფერი და შავი კონტურებია. დაკვირვებები მიმდინარე მშენებლობებზე, ხაზგასმით ყველა ნამუშევარში გამოსახული კვამლის ჭავლები, "უიღბლო" და დაბინძურებული ჰაერის მქონე თბილისს გაგახსენებთ.


მონოქრომატულია ბაქოც (2014 წ.), მის სიმბოლოდ ქცეული ცეცხლის ცათამბჯენებით. მის გვერდით კი, ჰავანას ნათელი, თანაბრად განათებული ზედხედებით სულ სხვა განწყობის მატარებელია.


თუ ბაქო ყველასათვის მის სიმბოლოდ ქცეული ცათამბჯენებითაა გამოსახული, პარიზის (2013წ.) შემთხვევაში ხელოვანი ირჩევს არა ეიფელის კოშკს, არამედ მე-19 საუკუნის პარიზული სალონებისთვის დამახასიათებელი ფერწერული ნამუშევრების ესთეტიკას, როგორც გამოსახული ხედების, ასევე თვითონ ნამუშევრის ფორმატით.


განსხვავებული სტილით არის გამოსახული ზღვისპირა სეიშელი(2019წ.) და სტამბული(2019წ.). თუ სეიშელი ლოკალური ლაქებით, ერთნაირად განათებული თეთრისა და ცისფერის კომბინაციით არის შექმნილი და გემის თავზე , ცეცხლაძისთის დამახასიათებელი კალიგრაფიით , როგორც პლაკატზე, წერია სეიშელის დედაქალაქი „VICTORIA", სტამბულიდან თითქოს თოლიების ხმა გესმის და ზღვის ნიავსაც შეიგრძნობ, რაც იმპრესიონისტული წერის მანერით არის მიღწეული. ნახევარმთვარის წითელი დროშები კი ემეტ ექსპრესიულობას სძნს ნამუშვარს.

2013 წელს არის შექმნილი მოსკოვის სერია. ნამუშევრების შექმნისას ერთმანეთს კვეთს 70-იანი წლების ფოტოზე აღბეჭდილი და მხატვრის წარმოსახვაში გაჩენილი მოსკოვის სურათები.

2013 წელსვეა შექმნილი სამარყანდის სერიიდან გამოფენაზე მხოლოდ ერთი კომპოზიციაა წარმოდგენილი. იასამნისფერ ცაზე მბრწყინავი ოქროსფერი მონუმენტური არქიტექტურა და მტვრის ნისლში გახვეული გათელილი ხალიჩები, სამარყანდის პორტრეტს ქმნის.

დამოუკიდებელი დარბაზი ეძღვნება Covid-პანდემიის კარანტინისას შექმნილ ნამუშევრების სერიას ROMA. საქართველოში, კარანტინში მყოფ ხელოვანზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პანდემიის გამო დაცლილ, თითქოს მიტოვებულ ქალაქში რომის პაპის ისტორიულმა გამოსვლამ. ამ შთაბეჭდილებით შთაგონებულმა მხატვარმა რომს არაერთი ნამუშევარი მიუძღვნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ამ სერიის 6 ნამუშევარი. თუ წინა პერიოდის ტილოებში კონკრეტული ადამიანები არ იყვნენ გამოსახული, მაგრამ მაინც იგრძნობოდა ხალხის თანამყოფობა, რომი მართლაც მიტოვებულობის განცდას ბადებს, თითქოს ანტიკური რომის შემდეგ აღარაფერი მომხდარა.

მამუკა ცეცხლაძის ქალაქების გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პანდემიის დაწყებამდე იყო გადაწყვეტილი, თუმცა კიდევ უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვა  სწორედ ამ კონტექსტში, განსაკუთრებით კი, რომის სულ ახალი ნამუშევრების შემატებამ შესძინა. მაშინ, როდესაც ქალაქები მართლაც დაიცალა და ვერავინ მოგზაურობს, ამ ქალაქებმა, როგორც სამუზეუმო ექსპონატებმა ისე გადმოინაცვლა გამოფენაზე და დამთვალიერებელს , ერთ სივრცეში,ამ ქალაქებში წარმოსახვითი დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს.

მამუკა ცეცხლაძე

მამუკა ცეცხლაძე 1960 წელს დაიბადა თბილისში. 1980-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1984 წლიდან იყო მხატვრების ჯგუფის "არქივარიუსები" წევრი კარლო კაჭარავას, გია ლორიას და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად. 1986 წლიდან იყო მხატვართა არაფორმალური გაერთიანება ე.წ. მეათე სართულის წევრი. 1987 წელს ცეცხლაძე გადავიდა მარჯანიშვილის თეატრის მხატვარ დეკორატორთა სახელოსნოში, სადაც მხატვართა უფრო ფართო წრე შეიკრიბა და შემდეგში ეს არაფორმალური გაერთიანება "მარჯანიშვილის სახელოსნოს" სახელით გახდა ცნობილი.

მამუკა ცეცხლაძის ნამუშევრები აკადემიაში სწავლის პერიოდიდან აქტიურად იფინება როგორც ჯგუფურ პროექტებში, ასევე პერსონალურადაც მსოფლიოს არაერთ ქალაქში.